2020-05-20 14:26:17
სახელმწიფოს 1.2 მლნ ლარად იურიდიული კომპანიის დაქირავება სურს ფოთის ახალი ტერმინალის მოლაპარაკებისთვის

ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვას სთხოვს 1.2 მლნ ლარად საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიქირაოს, რომელიც ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მოლაპარაკებებში იქნება ჩართული. მოლაპარაკებების გარდა, შერჩეული კომპანია საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებასა და პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების მიწოდებაშიც იქნება ჩართული. იურიდიული მომსახურეობის თანხა 1.2 მლნ ლარი სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის პროექტით, რამაც სამინისტროს მხრიდან მაღალი დონის იურიდიული მომსახურების საჭიროება განაპირობა.

“ვინაიდან აღნიშნული პროექტი დაკავშირებულია დიდი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვასთან, ინვესტორთა დიდი ნაწილი მოლაპარაკებებისას იყენებს საერთაშორისო იურიდიული ფირმების მომსახურებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულად წარმართვის მიზნით, საჭიროა, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს ჩართული ანალოგიური საერთაშორისო დონის იურიდიული ფირმა,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებაში. 

ამასთან, სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს იურიდიული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მოხდეს. უწყების ცნობითვე, მომსახურების გამარტივებული შესყიდვა საშუალებას მისცემს სამინისტროს შეფერხების გარეშე, მოახდინოს იურიდიული მომსახურების შესყიდვა შესაძლო უმოკლეს ვადაში, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო იურიდიული მომსახურების სავარაუდო ვადა 2020 წლის ბოლომდე იქნება.

“იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საკონსულტაციო/იურიდიული მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, მიზანშეწონილია მომსახურების შესყიდვა მოხდეს გამარტივებული შესყიდვის წესით შესაძლო უმოკლეს ვადაში,”-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წერილში.

ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ შეიმუშავა ტექნიკური დავალება, რომელიც გაეგზავნათ საკონსულტაციო კომპანიებს, მათ მიერ შესაბამისი შემოთავაზების წარდგენის მიზნით. შედეგად, სამინისტრომ შემდეგი იურიდიული კომპანიებისგან მიიღო შეთავაზება:

1. BDO Legal-ისა და Norton Rose Fulbright-ის გაერთიანებული შემოთავაზება;
2. KPMG;
3. BGI Legal;
4. Deloitte;
5. Ernst & Young;
6. Hogan Lovells.

ამავე თემაზე