2020-05-20 12:25:46
მოლდოვის პროკურატურამ ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკს, $1 მილიარდის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წაუყენა და აშშ-ს მის ექსტრადირებას სთხოვს

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ქვეყნის გავლენიან ოლიგარქს და პოლიტიკურ ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, ქვეყნის ბანკებიდან დიდი ოდენობის საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვის საქმეში მისი როლის გამო.

ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ 18 მაისს განაცხადა, რომ პლახოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თაღლითობასა და გამოძალვაში.

"როგორც კი საბრალდებო დასკვნა მომზადდება და განაჩენი ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა შეეცდება მიაღწიოს ვლად პლახოტნიუკის ექსტრადირებას აშშ-იდან," - განაცხადა სტოიანოგლომ.

ვლად პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში აშშ-ში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა. საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში "საუკუნის ძარცვად" არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს. სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. 

 

ამავე თემაზე