2020-05-19 21:24:56
„ევროპული საქართველო“ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროპული საქართველო“ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, მისი თანამზრახველების და მფარველების დასასჯელად. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ამსახველ ვიდეო ჩანაწერზე მკაფიოდ და ცხადად ჩანს მკვლელობაში მონაწილე ყველა მოქმედი პირი.

"2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშვედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობაში და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იგი დღემდე თავისუფალია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ მკვლელობაზე, უშუალოდ მკვლელობაში მონაწილე ინდივიდების გარდა, საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რომლებიც ხელს აფარებენ მკვლელებს და ხელს უშლიან მათ დასჯას.

ამასთან, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, მისი თანამზრახველების და მფარველების დასასჯელად. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ამსახველ ვიდეო ჩანაწერზე მკაფიოდ და ცხადად ჩანს მკვლელობაში მონაწილე ყველა მოქმედი პირი, საქართველოს შესაბამის უწყებებს დღემდე არ გამოუვლენიათ და ბრალი არ წარუდგენიათ მკვლელობის ხელშემწყობი პირების მიმართ.

უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ შეუყვანია ეს პირები ევროპული საქართველოს ინიციატივით 2018 წლის მარტში მიღებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში". ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ მოხვდნენ ახრა ქაჯაია - საგუშაგოს უფროსი ნაბაკევში, დენის მედვედევი - რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ნაბაკევში, აფხაზეთის ე.წ მებაჟეები: ალხას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი და სერგეი კორტენკო, ასევე დენის შეიკო - რუსული სამხედრო ბაზის უფროსის მოადგილე, რომელმაც ჩაისვა ოთხოზორიას მკვლელი კანჯი ოღლი მანქანაში და გადაიყვანა გალში.

"ევროპული საქართველო" კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში გააფართოოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ქვეყნის პარტნიორების დახმარებით მოახდინოს ამ სიაში მყოფი ინდივიდების ჩასმა სხვადასხვა საერთაშორისო სანქციების სიებში." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე