2020-05-18 12:14:24
საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვიდრე გიორგი რურუა ციხეში რჩება - სამადაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვიდრე გიორგი რურუა ციხეში რჩება - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას პატმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

მან ასევე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის. სამადაშვილი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში.

„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიმეოროთ, რომ შეთანხმება 8 მარტის არ იქნება შესრულებული, სანამ გიორგი რურუა არ დატოვებს საპყრობილეს. ამიტომ, თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაშალოს ეს შეთანხმება, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ისინი აპირებენ ჩაშალონ ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვონ საპყრობილეში. სამართლებრივი ლოგიკა გიორგის დატოვებას ციხეში უბრალოდ არ გააჩნია და ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ცალსახად ერთადერთ გადაწყვეტილებას, რაც არის გიორგი რურუას გათავისუფლება საპყრობილედან. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზის, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე