2020-05-15 11:27:53
ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების ხელმძღვანელებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებებს ბრალი წარედგინათ.

პროკურატურის ცნობითვე, მათ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ყალბი საგადასახადო აქტივით განაბაჟეს, რითაც ბიუჯეტს დაახლოებით 3.5 მლნ ლარი ზარალი მიაყენეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ პირებს ბრალი სსკ-ს ორი მუხლით 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა“ ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირები შეუთანხმდნენ რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს მიადგა  3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი,”-აცხადებენ პროკურატურაში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ნაწილში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო 210-ე მუხლის ნაწილში ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

პროკურატურას ცნობითვე, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს დღეს მიმართავენ. 

ამავე თემაზე