2020-05-14 15:11:59
თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ლიდერებს გაათავისუფლებს ხმებს დაკარგავს, თუ არადა პარტნიორების კრიტიკა გაგრძელდება - ჯაში

მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უპირობოდ წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, რეალურად, ამ შეთანხმებამ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და მათი მხარდაჭერის დაკარგვის შემთხვევაში საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ აღმოჩნდება.

"8 მარტის შეთანხმებამ რეალურად ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება. რადგან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი აუცილებლად გახდება კრიტიკის საკითხი. თუ ქართული ოცნება გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს და 20 ივნისსთან დაკავშირებით პატიმარს, ის აუცილებლად დაკარგავს საარჩევნო ხმებს. მეორე მხრივ, თუკი შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირის ან ვაშიგნტონის მხარდაჭერას, აუცილებლად აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას და ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიული ნაბიჯების სტაგნაციას და უკუსვლას", — განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამავე თემაზე