2020-05-14 13:36:40
ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, ბავშვებს კი 500 ლარი - ენმ-მ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სოციალურ-ეკონომიკური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. მოქალაქეების მხარდაჭერის გეგმა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარმოადგინა და საქართველოს მთავრობას ფულადი მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა. პრეზენტაციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "მისხალ-მისხალ" დათვლილი გეგმით, ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ - 1000 ლარით უნდა დაეხმარონ, იმათ გარდა, ვისაც შემოსავალი აქვს 40 ათასი ლარი და ზემოთ. მისივე თქმით, ყველა ბავშვს უნდა დაეხმარონ 500 ლარით.

“ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ზამთარი იყო, როცა კრიზისმა იფეთქა, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არაა. კრიზისამდე ისედაც ვიცოდით, რომ მოსახლეობის 50% ისედაც ვალით შეხვდა ამ კრიზისს. ამიტომ კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი, თუ როგორ უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დროა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ამ ხალხს დაეხმაროთ, თუ ვერ ეხმარებით დაეხმარება სხვა”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე