2020-05-13 10:11:18
არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე - თალაკვაძე

ყველაფერი, რაზეც შეთანხმება შედგა, არის ასახული დოკუმენტის ტექსტში – ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე. ეს არ და ვერ იქნებოდა შეთანხმების საგანი, რადგან წინააღმდეგობაშია კანონის უზენაესობის პრინციპებთან. ასეთი შეთანხმების ნაწილი ვერც ხელისუფლება და ვერც ელჩები ვერ იქნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ეს შეთანხმება იყო პოზიტიური შედეგი ყველა მხარისათვის, მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება ყველა მხარემ შეასრულოს. ჩვენი მოთხოვნაც და  მიმართვაც ოპოზიციისადმი არის ეს, რომ ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელმოწერილი პირობა ამ პროცესში. „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ შეთანხმებას. პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებით არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც ეკისრება – მათი ვალდებულება არის, ხმა მისცენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეალურად რასაც ვხედავთ,  ისინი ემუქრებიან საზოგადოებას ჩაგდებით და მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ ჩარევას ითხოვენ, რაც უკვე ეწინააღმდეგება და არღვევს შეთანხმებას. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, საკონსტიტუციო ცვლილებები მოვამზადეთ როგორც შევთანხმდით და ინიცირებულია, ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობაზე და მართლმსაჯულება პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე