2020-05-11 16:50:07
ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რამე ტიპის შეთანხმება - წულუკიანი

ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია აპელირებს ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია.

„დღეს მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, ერთსულოვნება, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი. ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე