2020-05-11 15:00:47
გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს, ეკონომიკა უნდა გაიხსნას - გახარია

როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს, ეკონომიკა უნდა გაიხსნას - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი. სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე.

რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელ-ნელა, ეტაპობრივად ძალიან ფრთხილ, მაგრამ გახსნას“, – განაცხადა გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ამავე თემაზე