2020-05-07 12:31:39
გუდაურში მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა, ხოლო მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარედგინა

დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ექვს პირს  ბრალდება წარედგინა.

„მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება  ძალადობისთვის – 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის  მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, GLOCK 17-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ექვს პირს – მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარედგინათ“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

ამავე თემაზე