2020-05-07 10:40:00
თუ დამნაშავე უნდა ვეძებოთ, უნდა ვეძებოთ მეორე მხარეს - გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი

ისინი იბრძოლებენ ბოლომდე და აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ წარმოჩინება იმისა, თითქოს თამაზ გორთამაშვილს რამე ბრალი მიუძღვის, არის სრული აბსურდი. თუ დამნაშავე უნდა ვეძებოთ, უნდა ვეძებოთ მეორე მხარე - ამის შესახებ განცხადება, გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გააკეთა. 

ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას სრულიად ენდობიან და  მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. სასამართლო პროცესები დისტანციურად მიდის. ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს, თვალყური ვადევნოთ სასამართლოს, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ, მოგვცეს საშუალება, რომ თვალყური ვადევნოთ მიმდინარე პროცესებს, შეგვეძლოს ჩართვა დისტანციურად. უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად ჩავატარებთ პრესკონფერენციას, სადაც წარვადგენთ მტკიცებულებებს და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს. ვფიქრობ, 360 გრადუსით შეიცვლება ყველა ადამიანის შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს თუნდაც ერთ-ერთი კადრი, რომელიც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც წარმოადგენს. დაცვის მხარემ ყველა კადრი რომ წარმოადგინოს, რაც გააჩნიათ, რეალურად სურათი სულ სხვა იქნება. პრესკონფერენციას აუცილებლად ჩავატარებთ, რადგან ოჯახის წევრები სულ სხვანაირად ფიქრობენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი იბრძოლებენ ბოლომდე და აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ წარმოჩინება იმისა, თითქოს თამაზ გორთამაშვილს რამე ბრალი მიუძღვის, არის სრული აბსურდი. თუ დამნაშავე უნდა ვეძებოთ, უნდა ვეძებოთ მეორე მხარეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

 

ამავე თემაზე