2020-05-04 15:43:10
მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს - ვაშაძე

მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს - ამის შესახებ განცხადება, "ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. 

„საქართველოში კორონავირუსთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა შიმშილია. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. ჩვენს გუნდთან ერთად შევისწავლეთ მთელი მსოფლიოს გამოცდილება მსოფლიოს საუკეთესო ეკონომისტებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ის ალტერნატიული გზა, რომელიც მაქსიმალურად აგვარიდებს თავიდან სამუშაო ადგილების დაკარგვას და ქვეყანაში მასობრივ შიმშილს. უკვე 45-ე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილია. საქართველო დღეში კარგავს 100 მილიონ ლარს და ჯამურად, ჩვენ უკვე გავღარიბდით 4,5 მილიარდი ლარით ანუ, ფაქტობრივად, საქართველო ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტს კარგავს. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმით კიდევ 76 დღე გვექნება მსგავსი ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს 6 მილიარდამდე ლარის დაკარგვას ქართული ეკონომიკისთვის, თან ეს გეგმა საერთოდ საზღვრების გახსნას არ ითვალისწინებს. ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ საქართველო პირველი იქნება, ვინც ამ შეზღუდვებს მოხსნის, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვეყნის შიგნით შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო“, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე