2020-05-01 18:50:59
მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე - ბარკალაია

მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორი პირველ რიგში აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა. რაც შეეხება მეორე და ასევე მნიშვნელოვან საკითხს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე. მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე“, – განაცხადა ბარკალაიამ.

ამავე თემაზე