2020-05-01 17:01:08
შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ - თურნავა

შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნატია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ფრენების აღდგენა დამოკიდბეულია პარტნიორ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე.

ავიამიმოსვლა ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესი. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ აღდგეს სრულმასშტაბიანად ავიამიმოსვლა, არ არის სამწუხაროდ, საკმარისი მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ლიბერალური ცის პოლიტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამოდენიმეჯერ გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა. სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში.

მანამდე რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ეს არის არარეგულარული ჩარტერული რეისები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და ამის შედეგად 8000-მდე ჩვენი თანამემამულე ამ ორ ურთულეს თვეში დაუბრუნდა სამშობლოს ისე, რომ პრობლემა არ შექმნია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ეპიდემიის გაღვივების თვალსაზრისით, ძალიან კოორდინირებულად გაკეთდა ეს. უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“- განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე