2020-05-01 15:16:40
ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა-თურნავა

ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით,პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა და გვერდით განსხვავებულად დგომა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღემდე ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში სიკეთის დიდი შემომტანი და დიდი დამსაქმებელი იყო. სამომავლოდ კი, აღნიშნული სექტორის მიმართ ახალი მოთხოვნები იარსებებს.

„თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას . ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტიარსთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ; ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყო დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე  წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ“, – განაცხადა თურნავამ

ამავე თემაზე