2020-04-30 13:02:31
1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 %-ით შემცირდა და 1 926.6 ათასია - სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისათვის - 69 წელი, ქალებისათვის - 78 წელია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის - 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.4 წელს”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243). 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს. 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.1 პროცენტს.

რაც შეეხება მიგრაციას, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105 107 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96 864 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა. 

 

ამავე თემაზე