2020-04-30 11:19:19
მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება საქსტატმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში. 

ამავე თემაზე