2020-04-29 12:03:32
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მამა დავითმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული-ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატი

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მამა დავითმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული-აცხადებს ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. სასულიერო პირებს შორის მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.

„ბრალდების მხარე დააყენებს მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შესახებ - ამას დაცვის მხარე არ ეთანხმება და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მამა დავითმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული. არ უნდა იქნეს გამოყენებული არცერთი აღკვეთის ღონისძიება", - აცხადებს წინამძღვრის ადვოკატი.

მამა დავით აქიაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7- 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინამძღვარი ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 27 აპრილს მოხდა,. პროკურატურის ინფორმაციით, წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. არქიმანდტრიტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

ამავე თემაზე