2020-04-28 14:39:19
ინდივიდუალური პროტესტისთვის 3000 ლარით დაჯარიმების კანონიერებას სასამართლო შეამოწმებს - GDI

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" სასამართლოს მიმართა და მოქალაქე თეიმურაზ პატარიძისთვის საგანგებო მდგომარეობის ზომების დაღვევის მიზეზით გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმის კანონიერება გაასაჩივრა.

"GDI-მ, თეიმურაზ პატარიძისთვის საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევის საფუძვლით დაკისრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მიგვაჩნია,  რომ თ. პატარიძესთან მიმართებით, ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვისთვის, პოლიციის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი  უკანონოა და საგანგებო რეჟიმის მარეგულირებელი ნორმების დარღვევითაა გამოცემული.  გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლებას პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდვები არ შეხებია,  აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მისი შეზღუდვა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას.

საქმე ეხება, მიმდინარე წლის 16 აპრილს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ №181 დადგენილების (შემდგომში მთავრობის დადგენილება)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის საფუძვლით კანცელარიის მიმდებარე ტერიოტირაზე, სამართალდამცავების მიერ, ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო თეიმურაზ პატარიძის 3000 ლარით დაჯარიმებას.

მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. აღნიშნული კანონის მიხედვით კი, შეკრება/მანიფესტაციის არსებობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს „ადამიანთა ჯგუფის“ არსებობა, სწორედ ეს აქცევს ინდივიდუალურ პროტესტს, პროტესტის გამოხატვის იმგვარ ფორმად, რაც საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლითაა დაცული.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური პროტესტისას მოქალაქეებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა ადგილი. მსგავსი მიდგომები კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არა ფრაგმენტული, არამედ მიზანმიმართული სახე აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც  საგანგებო მდგომარეობა თავისთავად შეიცავს მაღალ რისკებს სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებაზე, ხოლო საფრთხეთა შემცირების თვალსაზრისითა და  დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა კიდევ უფრო მნიშნველოვან ღირებულებას იძენს ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

GDI აგრძელებს  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ხელისუფლების ქმედებების მონიტორინგსა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას." - წერია GDI-ის განცხადებაში.

ამავე თემაზე