2020-04-28 10:59:01
ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ-ადვოკატი

"კურიერი" ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარის მამა დავით კობაიძის ადვოკატს ალექსანდრე კობაიძეს დაუკავშირდა.

როგორც ადვოკატმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია მისთვის უცნობია.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.

"ბრალი სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წარედგინება. პირველ რიგში მე შევალ და მოვინახულებ დაკავებულს. აღნიშნულის შემდგომ გავაკეთებ უკვე ოფიციალურ განცხადებას. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის მოწოდება, დამნაშავეა, არ არის დამნაშავე, ფიზიკურად წარმოუდგენელია, ჯერ მას უნდა ვესაუბრო. დაკავებულის პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.    

მამა დავით კობაიძეს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მისვე მეგობარ, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ გამოუკითხავთ დაზარალებული მამა საბა და რუის-ურბნისის მეუფე იობი, რომლიც მომხდარის სავარაუდო მოწმეა.

"კურიერის" ინფორმაციით, ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია. ტაძარში მომხდარს ამ დრომდე უარყოფენ. მათი განცხადებით, ეს ცრუ ბრალდებაა მსგავსი ფაქტი ტაძარში არ მომხდარა. 

ამავე თემაზე