2020-04-24 18:37:51
ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის განცხადება

გვსურს, მოვახდინოთ საზოგადოების სრული ინფორმირება ჰოსპიტლის იმ პაციენტის შესახებ, რომლის ვირუსული სტატუსის თაობაზე  გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მხრიდან დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა:

  • 11 აპრილს პაციენტმა გულის მწვავე უკმარისობით მიმართა ივ.ბოკერიას ჰოსპიტალს.
  • 13 აპრილს რესპირატორული ნიშნების გამოხატულების გამო, პაციენტის ბიოლოგიური მასალა (ცხვირ-ხახის ნაცხი) გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირებაზე. დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი.
  • 18 აპრილს პაციენტს დამატებით ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე (IgM/IgG ). დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი.
  • მიმდინარე პერიოდში პაციენტს კლინიკურად  დადებითი დინამიკა აღენიშნება.
  • 22 აპრილს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია სთავაზობს კლინიკას იმ პაციენტებზე უფასო კვლევას, სადაც ლუგარის ცენტრის მიერ გაცემული იყო უარყოფითი დასკვნა.
  • პაციენტი თანხმდება გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის შემოთავაზებას დამატებით უფასო ტესტირებაზე. პასუხი სუსტად დადებითი მოდის.
  • პაციენტს ჰოსპიტალში  დაუყოვნებლივ უტარდება სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე, სადაც მიღებული პასუხი ისევ უარყოფითია.
  • გადამოწმების მიზნით ჰოსპიტალი კვლავ მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და 23 აპრილს პაციენტისგან კვლავ იქნა აღებული ბიოლოგიური მასალა (ცხვირ-ხახის ნაცხი, სისხლი, განავალი) კომპლექსური პჯრ ტესტირებისთვის. სამივე კომპონენტში მიღებულ იქნა უარყოფითი პასუხი.

ჰოსპიტლისთვის საეჭვოა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტის მეთოდოლოგიის სიზუსტე, რადგანაც COVID-19 ზე ჩატარებული 5 სპეციფიკური ტესტის მიხედვით  4-მა ტესტმა აჩვენა ნეგატიური და მხოლოდ აღნიშნული ლაბორატორიის პასუხმა აჩვენა სუსტად დადებითი.

რა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მოქმედება, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა პაციენტს არ აღენიშნებოდა კლინიკური ნიშნები, ამავდროულად ანამნეზში  სამი სხვადასხვა მეთოდით გაკეთებული ძალიან სანდო ტესტების შედეგი იყო უარყოფითი და პაციენტის 3 ტიპის ბიოლოგიური ნიმუში (სისხლი, ცხვირ-ხახის ნაცხი, განავალი) დამატებითი კვლევისთვის გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, მან არ დაიცვა პროფესიული ეთიკის სტანდარტი, რომელიც ყველა არსებული თუ ახალი ბიოლოგიური მასალის გაფართოებულ კვლევას მოითხოვდა და პაციენტის ინტერესის უგულებელყოფით მედია საშუალებებს გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ პერიოდში ჰოსპიტალი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განაგრძობს ფუნქციონირებას. ყველა შემოსულ პაციენტს სამედიცინო პროფესიონალები მაღალი სამედიცინო სტანდარტებით მკურნალობენ.  

ამავე თემაზე