2020-04-23 14:27:43
4 და 5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ, სოლიდარულები უნდა ვიყოთ, სოლიდალურობა არის წინაპირობა იმის, რომ ჩვენ მივაღწევთ შედეგებს - ლევან დავითაშვილი ფერმერებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მცირე მეწარმეებს და ფერმერებს არსებული შეზღუდვების პირობებში მიადგათ. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მოიხსნება გადაადგილებასთან დაკავშირებული ნელ-ნელა მოიხსნება და  რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება. 

"მცირე ფერმერებს, რა თქმა უნდა, მეტი დისკომფორტი ან პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ თავიანთ ოპერირებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, არის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე. ამიტომ, გვესმის, რომ გარკვეული კომპრომისი ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ასევე სოლიდარობის ჩვენი ფერმერებისგან. ჩვენი ფერმერები არიან ის კატეგორია, რომლებიც მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ გმირულ საქმიანობას ჩადიან. ისინი რთულ პირობებში, გარემოს კლიმატს ებრძვიან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მაქსიმალური უნდა გააკეთოს მათ მხარდასაჭერად. მაგრამ, თუ ჩვენ არ გავიგებთ იმას, რომ იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები, ამ შემზღუდავი ღონისძიებების გამო, მაშინ წარმოუდგენელია რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს. მეორე მხარეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხვალ პრემიერ მინისტრი ფერმერებისთვის საინტერესო საკითხებს საკუთარი პრეზენტაციის დროს შეეხება. მისი თქმით, დღითიდღე ვითარება გამოსწორდება და ნაკლები შეფერხებები ექნებათ ფერმერებს. 

"რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც 27 აპრილიდან ნელ-ნელა გაიხსნება. ანუ, 27 აპრილიდან ჩვენ ვხედავთ, რომ მეტი საშუალება იქნება გადაადგილების. ეს ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება. თუმცა, 4 და 5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ, სოლიდარულები უნდა ვიყოთ, სოლიდალურობა არის წინაპირობა იმის, რომ ჩვენ მივაღწევთ შედეგებს,“ - აცხადებს ლევან დავითაშვილი.   

ამავე თემაზე