2020-04-10 13:57:39
პანდემია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის - გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა კორონავირუსის პანდემიას "თაობის ბრძოლა" უწოდა და განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს მიმართა და აღნიშნა, რომ პანდემიამ შესაძლოა, სოციალური მღელვარებისა და ძალადობის ზრდა გამოიწვიოს, რაც დაავადების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლას შეაფერხებს.

ანტონიუ გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემია გაერო-ს ყველაზე დიდი გამოცდაა მისი დაარსების დღიდან და ის უკვე უშლის ხელს საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული კონფლიქტების დარეგულირების ძალისხმევას.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მსოფლიო უკვე ხედავს დამანგრეველ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას, თუმცა მისი თქმით, "პანდემია ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის".

გუტიერეშის განცხადებით, პანდემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტერორისტული თავდასხმები, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური დაძაბულობა არჩევნების ან რეფერენდუმების გადადების გამო. გარდა ამისა, გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, კორონავირუსის პანდემია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებას ამძიმებს.

 

ამავე თემაზე