2020-04-10 11:01:49
ამ ურთულეს პერიოდშიც ცხოველების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში - მეტრეველი

ამ ურთულეს პერიოდშიც ცხოველების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა.

,,ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული უმძიმესი შედეგები შეეხო მიუსაფარ ცხოველებსაც. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით დაგვიანებული და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შედეგად ხშირ შემთხვევაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რის გამოც ათასობით მიუსაფარ ცხოველს ყოველდღიურად ემატება ვირუსის შიშით პატრონებისგან ქუჩაში მიტოვებული ასობით შინაური ცხოველიც.

ამასთანავე, ყოველდღიურად იზრდება ცხოველებზე ძალადობის ფაქტებიც. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის პერიოდში ცხოველების დაინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. ამასთანავე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობებში, დახურული კვების და სარესტორნე ობიექტების და ადამიანების შეზღუდული გადაადგილების ფონზე მიუსაფარი ცხოველების გამოკვების პრობლემა, მათი რიცხვის ზრდის გათვალისწინებით, კატასტროფული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების, ზოომაღაზიების და მოხალისეების მიერ არაერთი კამპანია წარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, რომელშიც ლელოს წევრებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, კარანტინის პირობებში, ჩვენი საზოგადოების რესურსებიც და შესაძლებლობებიც შეზღუდულია. სამოქალაქო აქტივიზმის პარალელურად, მნიშვნელოვანია ეს საკითხი ხელისუფლების მიერ ასევე სათანადოდ იყოს შეფასებული.

ამ ურთულეს პერიოდშიც ცხოველების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებთან და მოხალისეებთან მჭიდრო კომუნიკაციით მომზადდეს შესაბამისი სტრატეგიული გეგმა მიუსაფარი ცხოველების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პანდემიის დასრულების შემდეგ, დროულად მიიღოს კანონი შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ, რომელსაც ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე წლების ითხოვენ. უნდა გვახსოვდეს, რომ სტერილიზებული და ცოფზე აცრილი ცხოველთა პოპულაციის სწორი მართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემისთვის. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ცხოველების მოყვარულებს და გულშემატკივრებს, ვინც ამ უმძიმესი პანდემიის მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების დახმარებასთან ერთად, სოლიდარობას და ზრუნვას არ იშურებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის’’, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

ამავე თემაზე