2020-04-09 15:18:10
ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას კრიზისზე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთად მუშაობენ, რომ  პანდემიის დაძლევისთვის საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა უზრუნველყონ. აღნიშნულის შესახებ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და  დიპლომატების ღია წერილშია საუბარი, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობასა და ხალხს მიმართავენ.

წერილში აღნიშნულია, რომ COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო კი, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

„საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე“, – აღნიშნულია მიმართავში.

ღია წერილში ასევე მითითებულია, რომ  მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“, – ნათქვამია წერილში და ასევე აღნიშნულია, რომ განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

საქართველოს მთავრობასა და ხალხის მიმართ ღია წერილს ხელს აწერენ: სელიმ შეკირი – საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი; დიეგო კოლასი – საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი; მაჩიე ჩურა – სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; კატარინა ბიორლინ ჰანსენი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი; კარლ ჰარცელი –  ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ჰუბერტ ქნირში – საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი; სებასტიან მოლინუსი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი; შეინ როზენტალი – საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი; სიუპი ტერავანინტორნი – აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი.

ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა.

ამავე თემაზე