2020-04-08 10:36:40
ამერიკელი მაღალჩინოსანი ატომურ ავიამზიდზე კორონავირუსის სკანდალის გამო გადადგა

თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თომას მოდლი, რომელიც სკანდალში აღმოჩნდა ატომურ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზეკორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შემდეგ.

მოდლიმ ავიამზიდის კაპიტანი ბრეტ კროზიე გასულ კვირაში დაითხოვა მას შემდეგ, რაც გემზე კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალურ პირებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მედიითაც გავრცელდა.

კაპიტანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ატყობინებდა, რომ ავიამზიდზე კორონავირუსის აფეთქებაა და მეზღვაურების ევაკუაციას მოითხოვდა. კროზიე წერდა, რომ მეზღვაურები ომში არ არიან და არ უნდა იღუპებოდნენ.

თავის მხრივ, თომას მოდლიმ მიიჩნია, რომ კაპიტანმა ვერ უზრუნველყო, რომ წერილის შინაარსს არ გაეჟონა, არასაჭირო პანიკა შექმნა და კრიზისის დროს სიტუაციის შეფასების ცუდი უნარი გამოავლინა.

ატომური ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ კუნძულ გუამის პორტში იმყოფება. ეკიპაჟში 4000-ზე მეტი წევრია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, 230 მეზღვაურს COVID-19 უკვე დაუდასტურდა. ინფიცირებული აღმოჩნდა ყოფილი კაპიტანი ბრეტ კროზიეც.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ჯეიმს მაკფერსონი დანიშნა. ესპერის განცხადებით, თომას მოდლი თანამდებობიდან გადადგა საკუთარი სურვილით და სამხედრო-საზღვაო ძალების და „თეოდორ რუზველტის“ მეზღვაურების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

"რადიო თავისუფლება"

ამავე თემაზე