2020-04-06 13:33:43
"ბიზნესი ძალიან აქტიურობს, რადგან უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს, მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა"-თურნავა

"ბიზნესი ძალიან აქტიურობს, რადგან უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს, მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა", -განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

„ახლა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გვაქვს ნებადართული საქმიანობები და რიგი ბიზნესების საქმიანობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით იმაში, რომ უსაფრთთხოების ნორმები აქვთ დაცული. ძალიან ოპერატიულად განვათავსეთ ჩვენ აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ბიზნესის საქმიანობის გასამარტივებლად. ბიზნესი ძალიან აქტიურობს, რადგან უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს, მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ასობით აპლიკაცია არის შემოსული. დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შესული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. პირველ რიგში, ვიწყებთ იმ საწარმოების შემოწმებას, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება. ეს მათ აკისრებთ დიდ პასუხისმგებლობას და დავიწყებთ დიდი საწარმოების შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული. ეს პროცესი ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ დღეში 50-მდე საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ. პარალელურად, დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, რომლებსაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება. მათ უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება ისევე, როგორც კომპანიებს და ბიზნესებს, რათა გადაეწყონ სტანდარტებზე მორგებაზე.

„ძვირფასო მეწარმეებო, ეს ინვესტიცია არ დაგეკარგებათ, რადგან სამომავლოდ, ეს იქცევა ცხოვრების წესად. კარგად მოემზადეთ, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი, რათა ჩვენ შევძლოთ თავისუფლად და მშვიდად მოგცეთ მუშაობის გაგრძელების უფლება. დღეიდან ვიწყებთ შემოწმების პროცესს“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შემოწმებისას რამე გამორჩება, დასაქმებულები შეძლებენ ცხელ ხაზზე დარეკონ და დარღვევების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდონ.

„ჩვენი მიზანი არ არის დასჯა, თუმცა ჯარიმები და საქმიანობის შეჩერებაც არის გათვალისწინებული დღევანდელი კანონმდებლობით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამავე თემაზე