2020-04-05 15:23:12
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია/დანამატების გაცემის თაობაზე სცდება ეთიკის ყოველგვარ ჩარჩოებს - კახა სიორიძე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, კახა სიორიძის განცხადებით, მერის გადაწყვეტილება მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია დანამატების დარიგების შესახებ არასახელმწიფოებრივია.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია/დანამატების გაცემის თაობაზე სცდება მორალისა და ეთიკის ყოველგვარ ჩარჩოებს. ამ კრიტიკულ დროს, როდესაც ქვეყანა, მისი თითოეული მოქალაქე მობილიზებულია და ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის, როდესაც მთელი ყურადღება მიმართულია ამ ბრძოლაში გამარჯვებისკენ, ისარგებლო მომენტით და მიიღო პრემიების გაცემის გადაწყვეტილება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოციალური დახმარების კამპანიაშია ჩართული, გვერდით უდგას ადამიანებს, რომლებსაც დახმარება რეალურად სჭირდებათ, როდესაც ადამიანები თანხების მობილიზებას ახდენენ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველ ნაწილს, თანამდებობის პირი კი, თუნდაც არჩეული, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, საკუთარ თანამშრომლებს და რაც ყველაზე სამწუხაროა, მაღალი თანამდებობის პირებს პრემია დანამატებს ურიგებს, ეს საქციელი ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ქმედება და ვემიჯნებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ამ გადაწყვეტილებას. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ცდილობს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად აკრიტიკოს ხელისუფლება, როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური ხელისუფლების დონეზე, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავტოვებთ რეაგირების გარეშე’’, - განაცხადა კახა სიორიძემ.

ამავე თემაზე