2020-04-03 12:22:42
რა თანხებიც არ უნდა გამოანთავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან,რომც გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები,შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა ჩვენი სახსრებით-კაპანაძე

რაც არ უნდა თანხები გამოანთავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან, რაც არ უნდა ქამრები შემოიჭიროს, რაც არ უნდა გაითვალისწინოს მიცემული ჩვენი რეკომენდაციები, სრულიად შეუძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი იყოს დაძლეული მხოლოდ ჩვენი სახსრებით-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა სთხოვა.

„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აქვს, არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსისგან და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა. პარალელურად, ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა დგება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს და სწორედ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, „ევროპულმა საქართველომ“ ბევრჯერ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლების მიმართ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მაგრამ, აქვე კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა თანხები გამოანთავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან, რაც არ უნდა ქამრები შემოიჭიროს, რაც არ უნდა გაითვალისწინოს მიცემული ჩვენი რეკომენდაციები, სრულიად შეუძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი იყოს დაძლეული მხოლოდ ჩვენი სახსრებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმაროს ამ რთულ დროს საქართველოს.

ჩვენ ამასთანავე, ვიცით რა, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, დღეს პრაქტიკულად მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მივმართეთ ერთობლივად საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი განსხვავებებისა ხელისუფლებასთან, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გამოეყოს დიდი ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რომელიც შესაძლებელია დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სოლიდური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნება ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე