2020-04-03 12:21:33
ანაკლიის კონსორციუმმა მთავრობათან საარბიტრაჟო დავის დაწყება გადაავადა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყება გადაავადა. როგორც კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, გადაწყვეტლების მიზეზი ის კრიზისია, რომლის წინაშეც ქვეყანა პანდემიის გავლენით აღმოჩნდა.

"იურიდიული დავის დასაწყებად ჩვენ მზად ვართ, ყველა დოკუმენტი მომზადებული გვაქვს. დავის დაწყებას 23 მარტიდან ვაპირებდით, თუმცა გადავწყვიტეთ, ქვეყანაში შექმნილი კრიზის გამო, ჩვენი დავის წამოწყების გეგმა ცოტა ხნით გადავდოთ. ვფიქრობთ, ახლა ამის დრო არ არის და ქვეყანას სხვა გამოწვევა აქვს. ჩვენ მოვიცდით და როცა უფრო უპრიანი დრო იქნება, ამ დავას მაშინ წამოვიწყებთ”, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებითვე, ახლა თავის შეკავების მიუხედავად, საარბიტრაჟო დავაზე უარის თქმას არ აპირებენ და სახელმწიფოს მიერ კონსორციუმთან გაწყვეტილი შეთანხმების გამო სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებენ.

"იურიდიულად ხანდაზმულობის ვადა დავის დასაწყებად საკამოდ გრძელია. როგორც ჩვენი იურისტებისგან ვარ ინფორმირებული, საქართველოს კანონმდებლობით, 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია ამ დავის დაწყება, მაგრამ 3 წელი არ დავიცდით და ეს პანდემიური კრიზისი რომ გადაივლის და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა რომ ცოტათი გამოსწორდება, ამ საკითხს შემდეგ დავუბრუნდებით”, - განაცხადა BMG-ისთან კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა.   

ამავე თემაზე