2020-04-03 10:05:17
საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები - მიქაუტაძე

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"კრიზისის გამო, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის 7 მლნ ტონამდე შეზღუდვის საკითხს განიხილავს. საქართველოში კი, 2019 წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების 430 000 ტონა მარცვლეული სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 87 % შეადგინა. საგანგაშოა ის, რომ ამ კუთხით რუსეთზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება. დღეს, როგორც არასდროს, კორონა-კრიზისმა წინა პლანზე წამოწია სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა.

სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხორბლის ნათესი ფართობები ბოლო წლებში შემცირდა და 2018 წელს უკანასკნელი 10 წლის მინიმუმზე დავიდა (43 ათასი ჰა). მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 15 %-ია ადგილობრივი წარმოების და დანარჩენი იმპორტს შეადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები როგორც იმპორტის დივერსიფიკაციის, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის კუთხით, რათა სახეზე არ მივიღოთ ხორბლის დეფიციტი და პურზე ფასების ზრდა," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე