2020-04-02 18:42:39
ვიმედოვნებთ, მალე დასრულდება არსებული მოცემულობა და გვექნება შესაძლებლობა, ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - კობახიძე

მოდით, ნუ ვისაუბრებთ თეორიულ ვერსიაზე. პრაქტიკულად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნებს ჩავატარებთ სტანდარტულ დროს, ეს არის 31 ოქტომბერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შეჯერდნენ ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რომლის ფარგლებშიც არის შესაძლებელი საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება, ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი ვადა. როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ გავქვს იმედი, რომ მალე დასრულდება ეს მოცემულობა, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად საქართველოში, თუმცა, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და უფრო ადრეც იმედია და შევძლებთ, რომ 31 ოქტომბერს როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე