2020-04-01 16:36:15
36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი - ვის შეეხება მთავრობის შეღავათები

კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

მთავრობის ინიციატივა სამ თვეს შეეხება, კერძოდ: მარტს, აპრილსა და მაისს.

კომპანია თელასის შემთხვევაში, რომელიც თბილისს ემსახურება, მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახადი 37 ლარზე მეტი არ არის. ამ თანხაში არ შედის წყლის და დასუფთავების მოსაკრებელი.

დაახლოებით იგივე თანხაა ენერგო-პრო ჯორჯიას შემთხვევაში, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებს აწვდის შეღავათი იქნება მათთვის, ვინც თვეში მაქსიმუმ 36 ლარის დენს მოიხმარს.

რაც შეეხება გაზს, თბილისი ენერჯის შემთხვევაში (ძველი ყაზტრანსგაზი), რომელიც ბუნებრივ აირს დედაქალაქის მოსახლეობას აწვდის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ მათ, ვინც მაქსიმუმ 92 ლარის გაზს მოიხმარს.

გაზის კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, სოკარ ჯორჯია მოსახლეობის გაზმომარაგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს. თუმცა, ძირითადი მომხმარებლები რეგიონებში ჰყავს. ამ კომპანიის აბონენტებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა დაახლოებით 114 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტს თვეში აუნაზღაურდება ფაქტობრივი დავალიანება და არა სრულად 114 ლარი, ანუ ის, რამდენსაც დახარჯავს.

კომპანია თელასმა უკვე გასცა დავალება, ვისაც 200 კვ-მდე აქვს დამწვარი ელექტროენერგია, მათ არ შეუწყდეთ მომსახურება მარტის, აპრილისა და მაისის დავალიანებისთვის.

შეღავათები შეეხებათ მცირე ელექტრო თუ გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებსაც და დაახლოებით იმ რაოდენობით, რამდენიც დიდ კომპანიებში. დეტალურად ამის გარკვევა მოქალაქეებს ამავე კომპანიების ცხელ ხაზზე შეეძლებათ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სულ 1 200 000 ოჯახია ისეთი, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს. ასევე, მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შეღავათით ისარგებლებს სულ 671 000 ოჯახი.

 

 

წყარო:On.ge

ამავე თემაზე