2020-04-01 11:30:55
მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმის გამოცხადებას ძალიან აგვიანებს - ჭიაბერაშვილი

5 მილიარდ 230 მილიონი ლარი კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად - ეს "ევროპული საქართველოს" ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტია - "ევროპული საქართველოს" პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ანტიკრიზისული შეთავაზებები ორ ნაწილად გაყო - მოსახლეობა და ბიზნესი. პირველი ნაწილი სახელფასო დანაკლისის ანაზღაურებას, კომუნალური ვაუჩერების, ასევე თვითდასაქმებულებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ ზურაბ ჭიაბერაშვილი ძირითადად საგადასახადო შეღავათების აუცილებლობაზე მიუთითებს.

აქვე, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით მთავრობა ნაბიჯების გადადგმას აგვიანებს.

„როგორ დავეხმაროთ ხალხს, აქ რამდენიმე კომპონენტია: ხელფასის, ან სახელფასო დანაკლისის 50%-ის ანაზღაურება, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი იმ ოჯახებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს არ აღემატება და 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. აქ ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ თუ პირველ შემთხვევაში, სახელფასო დანაკლისის ან ხელფასის ანაზღაურება შეეხებათ დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიან, კიდევ არის თვითდასაქმებულთა დიდი კატეგორია, რომელთათვის ეს 200-ლარიანი დახმარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი.

გარდა ამისა, ჩვენ თავდაპირველად განვაცხადეთ, რომ მომდევნო 8 თვის განმავლობაში შეჩერებულიყო საპენსიო შენატანები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რადიკალური გზით წავედით და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, როდესაც პრაქტიკულად შემოსავალი შეუმცირდათ, ან დაკარგეს, მათ ამ დანაზოგის გამოყენების საშუალება უნდა მიეცეთ შემდეგი პრინციპით - მათ უნდა გამოიყენონ თავიანთი 2% და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებული 2%, ხოლო დამსაქმებელს დაუბრუნდეს მისი ჩარიცხული 2%.

აქ უკვე გადავდივართ იმაზე, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს - ეს საპენსიო 2%-იანი გადასახადი ბიზნესისთვის, რაც მათ უკვე გადახდილი აქვთ, უკან უნდა დაუბრუნდეთ და ამავდროულად, რა თქმა უნდა, საპენსიო შენატანები მომდევნო 8 თვის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. ჩვენი გეგმა ასევე ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირდებას, ქონების გადასახადის განახევრებას და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით დაწევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესისთვის ამ პერიოდში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე განმარტებით, დასახელებული საჭიროებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრებით უნდა დაფინანსდეს.

„ჯამური ღირებულება, ამ მთლიანი ღონისძიებების, რაც ჩვენი აზრით, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, 5 მილიარდ 230 მილიონი ლარია. ამის დაფინანსების ორ წყაროს ვხედავთ - პირველი არის თავად ბიუჯეტი. ვერ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში პროგრამების განხორციელებას, ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაზეც შეიძლება გული გვეთანაღრებოდეს, უნდა გადავდოთ გვერდზე. გადადება მაინც მოგვიწევს, რადგან ექსტრემალური სიტუაციაა და ჩვენ, დაახლოებით, მილიარდ 820 მილიონის ხარჯი დავთვალეთ ბიუჯეტიდან, სადაც შესაძლებელია დანაზოგის გაკეთება იმისათვის, რომ შეღავათი მიიღოს ხალხმაც და ბიზნესმაც და ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ აქტიურად არის სამუშაო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მთავრობამ 500 მილიონ დოლარზე გააკეთა განაცხადი, რომ ამ თანხის მოზიდვას მოახერხებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ იმხელა განაცხადები გააკეთეს საფინანსო ინსტიტუტებმა, რომ თუ მთავრობა ეფექტურად იმუშავებს, 2 მილიარდის მოზიდვა შესაძლებელია.

ეს ძალიან კომპლექსური პაკეტია და სამწუხაროდ, მთავრობა არათუ ჩვენსას გამოხმაურებია, არამედ ძალიან აგვიანებს მსგავსი გეგმის გამოცხადებას. როდესაც ხალხს ვეუბნებით, რომ იჯექით სახლში და ქვეყანაში, სადაც ათიათასობთ ოჯახს უბრალოდ დანაზოგი არ აქვს და სახლიდან გამოდიოდა ყოველდღიურად იმიტომ, რომ მეორე დღის საკვები ფული ეშოვა, ასეთ ქვეყანაში, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის დროს, კომენდანტის საათის აღსრულება ძალიან გართულდება, თუ მთავრობამ ამ ყველაფერს ეკონომიკური დახმარების პაკეტი არ მოაყოლა“, - მიიჩნევს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

წყარო:BM.GE

ამავე თემაზე