2020-03-31 18:49:17
"ამ კრიზისშივე შეიძლება ანაკლიაში მუშაობის განახლება“ - ხაზარაძე მთავრობას მიმართავს

თუ შენ, როგორც სახელმწიფოს გჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დღესვე უნდა დავიწყოთ ამის მშენებლობა და ყველაფერი მზად არის ამისთვის - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. 

„თუ შენ, როგორც სახელმწიფოს გჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დღესვე უნდა დავიწყოთ ამის მშენებლობა და ყველაფერი მზად არის ამისთვის, ხვალვე, ამ კრიზისში შეიძლება მუშაობის განახლება. „ეიპიემ ტერმინალსი“, სად იქნება ოპერირებაში ფოთში თუ ანაკლიაში ეს არის დიზაინის ამბავი. მთავრობამ უნდა თქვას, რომ ჩვენ თუ გვინდა ანაკლიის პროექტი და ქვეყნის შემოტრიალება - ეს არის გამოსავალი, თუ არადა არც ანაკლია გვექნება და არც - ფოთი. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, „ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთში დამოუკიდებელი პორტის მშენებლობისთვის 350 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ამაზე მას მთავრობის მხრიდან ნებართვა აქვს,  სწორედ ამიტომ არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ანაკლიის პორტის მშენებლობაში აღარ შემოვა.

„როდესაც საუბარია ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელსაც აშენებს „ეიპიემ ტერმინალსი”, რომელიც სულ იძახდა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება და უცბად დაინახა, რომ ანაკლია რეალობად იქცევა, მან გადაწყვიტა რომ ფოთში ააშენონ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არ არის ფოთის არსებული პორტის გადაიარაღება ან მასზე მიბმული ინფრასტრუქტურა, ეს არის აბსოლუტურად ახალი, ფოთის პორტიდან 3 კმ-ის მოშორებით, რომელსაც ფოთის ძველ ინფრასტრუქტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფაქტობრივად, ლაპარაკია იმაზე, რომ იმ სიმძლავრის პორტის აშენება, რასაც „ეიპიემ ტერმინალსი“ აპირებს დღეს, ეს არის ზუსტად ის ზომა, რაც არის ანაკლიის პირველი ფაზა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით.

ფოთის პორტმა უნდა ჩაატაროს კვლევითი სამუშაოები, რომელსაც დასჭირდება მინიმუმ 1.5 წელი, მხოლოდ გარემოზე ზემოქმედებაზე ეს არის ურთულესი პროცესი, მით უმეტეს საერთაშორისო სტანდარტი რომ იქნას დაკმაყოფილებული. შესაბამისად, "ეიპიემ ტერმინალსი" მზად იქნება წელიწადნახევარში რომ განახორციელოს ინვესტიცია, ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი იურიდიული ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ მას არ აქვს და ვერ ექნება. ვერავინ აიძულებს, რომ ეს განახორციელოს.

ანაკლიაში ჩვენ ბოლო 50 მლნ დოლარის შევსებაზე გვქონდა საუბარი, ორი ინვესტორი გვყვავდა მოყვანილი, რომელიც პრაქტიკულად გააგდეს. შესაბამისად ისმის კითხვა - სახელმწიფოს რა ურჩევნია, ვიღაცამ ააშენოს ახალი პორტი, რომლის განვითარება სულ რამდენიმეწლიანია, იმ ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ეს არის დაახლოებით 40% წლიური ზრდა კონტეინერების, ეს ნიშნავს, რომ ეს 350 მლნ დოლარის ინვესტიცია 3-4 წელიწადში იქნება დასრულებული, თუ დაასრულოს ზუსტად იგივე ზომის, ზუსტად იგივე ინვესტიციის ანაკლიის პირველი ფაზა, რომელსაც შესაძლებლობა გააჩნია, რომ კიდევ 8 ფაზა განავითაროს და ანაკლიაში ჩადებული ინვესტიცია პირველ ფაზაზე, ინჟინრული თვალსაზრისით ემსახურება მეოთხე და მეხუთე ფაზას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ გახსოვთ, რომ მთავრობა აპირებდა ახალი ტენდერის გამოცხადებას, (ეიპიემ ტერმინალსზე) ამ ნებართვის გაცემით პრაქტიკულად მათ წერტილი დაუსვეს ანაკლიის განვითარებას, იმიტომ რომ არ არსებობს მსოფლიოში ინვესტორი, რომელიც ამ მდგომარეობაში შემოვა ამ პროექტში. შესაბამისად, ეს გეგმაზომიერად, იურიდიული გაფორმებით, მათ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, არც ფოთი გვექნება და არც ანაკლია - ეს არის რეალობა.

ამიტომ რას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მთავრობა თუ, ერთი მხრივ, გყავს 350 მლნ დოლარიანი ინვესტორი (გულისხმობს „ეიპიემ ტერმინალს“), როგორც ამას აცხადებს პრემიერი და ისინი მზად არიან ააშენონ ფოთში პორტი, რომელიც მოემსახურება ქვეყანას ლიმიტირებული დროით და, მეორე მხრივ, მობილიზებულია 400 მლნ დოლარის საკრედიტო რესურსი, ანაკლიაში ჩადებულია 75 მლნ დოლარი უკვე და მხოლოდ 50 მლნ დოლარი აკლია რომ ანაკლია "შეიკრას".

რასთან გვაქვს საქმე? მაშინ თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, უნდა დაუძახო „ეიპიემ ტერმინალსს“ და უნდა უთხრა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლია, ჩვენთვის სულერთი არ არის სად იქნება შენი ოპერირება 3 თუ 100 კმ-ში ფოთის პორტიდან, ამიტომ 350 მლნ დოლარის მაგივრად, „ეიპიემ ტერმინალსს“ იგივე ოპერირება დაუჯდება ალბათ 50-70 მლნ დოლარი და ჩვენ ქვეყანა მივიღებთ უზარმაზარ პროექტს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.   

ამავე თემაზე