2020-03-31 13:30:45
დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა-გოცირიძე

დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა- ასე ეხმაურება, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, სოცალურ ქსელში, ქვეყანაში ამოქმედებული სრული კარანტინის ფარგლებში ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სავალუტო ჯიხურები დროებით იხურება.

“დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. მათი როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო ყოველთვის და ნაკლებკონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში”-წერს რომან გოცირიძე.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებს თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს  მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით  შეეძლებათ.

ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადასახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები. 

ამავე თემაზე