2020-03-30 13:11:29
მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა - თურნავა

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც თურნავა აცხადებს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ - თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ ან არ გაეზარდოთ.

„ლარის კურსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსისგან - ამ გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება. კორონავირუსი ეკონომიკას გლობალურად ურტყამს, საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არა ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა, შექმნილი პანიკური განწყობა არა მარტო ლარის კურსზე მოქმედებს, არამედ საქონლის მოხმარებაზე და სხვ. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც.

ტურიზმი, პრაქტიკულად, შეწყდა და ეს არის მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსი უფრო მასშტაბურად არ გავრცელდეს. ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო და ეს არის ობიექტური მიზეზი. ექსპორტი გრძელდება, მაგრამ, ცხადია, მისი მასშტაბი შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს წყაროც ნაკლებად მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია შეარბილოს ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენა და ამას აკეთებს.

ჩვენ დავაზღვიეთ სასურსათო კალათა, 9 პროდუქტი, რათა ფასები არ გაიზარდოს და ლარის გაუფასურებამ ჩვენს სასაქონლო კალათას არ დაარტყას. გარდა ამისა, ბანკებთან შეთანხმებით მოხდა საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და მოქალაქეებს ერთხანს გადასახდელი არ ექნებათ სესხის პროცენტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ - თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ ან არ გაეზარდოთ“, - განაცხადა თურნავამ. 

ამავე თემაზე