2020-03-27 19:59:37
ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - თეონა დოლენჯაშვილი

ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ამის შესახებ განცხადება, ფონდ "მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" დამფუძნებელმა - თეონა დოლენჯაშვილმა გააკეთა.

"საბერიოს კლინიკაში ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი ნამდვილად პირველი იყო და ამას ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის რაიონი ღვთის ანაბარადაა მიტოვებული. იქაურ კლინიკებში ელემენტარული საჭიროების ნივთებიც არ აქვთ, მით უფრო, ასეთ მძიმე და კრიზისულ პერიოდში, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან სამედიცინო ინვენტარზე.

ძალიან მიხარია, თუ ჩვენი ხელისუფლება ამას ახლა მაინც დაუთმობს სათანადო ყურადღებას და თუნდაც თავისი პოლიტიკური ოპონენტების აქტივობების გადასაფარად გააკეთებს რამე მნიშვნელოვანს ამ მიმართულებით. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის", ეს დახმარება არ ყოფილა პირველი. ჩვენ აქამდეც ბევრი რამ გაგვიკეთებია აფხაზეთისთვის, იმავე ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მაგრამ არასდროს არ გაგვიხმოვანებია. მე მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება საქველმოქმედო ფონდში შემომწირველი - ოცნების, ნაციონალების, თუ ლელოს მხარდამჭერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწირულობა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და ეს ღიად განვაცხადეთ. ასე ვეტყვით მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეს შემოუერთდება, რადგან ეს ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას. პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენ არ გვჭირდება - პოლიტიკურ ქულების დაწერას, სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო ცდილობს, როდესაც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების მსურველთა კრიტიკას ახლა ასეთ რთულ დროს იწყებს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გახმოვანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, გვეთქვა, რომ ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია, რომ ამ ადამიანებს ახლა დახმარება სჭირდებათ და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია გვიკავშირდება და გვეკითხება, რითი შეძლებენ დახმარებას თავადაც. გარდა ამისა, პრობლემა შეგვექმნა ე.წ. საზღვარზეც. მაშინ, როდესაც აფხაზური საგუშაგო გახსნილი იყო ამ ტვირთის მისაღებად, ქართული რატომღაც ჩაკეტეს... იმედია, ასეთ დროს პოლიტიკოსიც, მესაზღვრეც, ექიმიც თუ თითოეული რიგითი მოქალაქეც ერთად დადგება და საერთო საქმეს ერთიანი ძალისმხევით გააკეთებს" - განაცხადა "მომოს" დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

ამავე თემაზე