2020-03-27 14:23:36
თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, აპრილში რიგ პროდუქტზე ფასები აუცილებლად მოიმატებს - ივა ჭყონია

თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, აპრილში რიგ პროდუქტზე ფასები აუცილებლად მოიმატებს - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3-იან ნიშნულზე ჩამოვიდა, მაშინ ფასები უცვლელი დარჩება.

„ეს ნიშნული თუ შენარჩუნდა, დღევანდელ დღეს რაც არის, დაახლოებით, 3.3, სწორება იქნება ამ ნიშნულზე და ამის მიხედვით მოხდება ფასების დაკორექტირება, რომელსაც, ალბათ, აპრილის თვეში მივიღებთ. აპრილში რიგ პროდუქტზე ფასები აუცილებლად მოიმატებს. პირველადი პროდუქტის გარდა, სხვა დანარჩენი პროდუქტი მარჟას ვერ უძლებს. კურსზე ბევრია რამე დამოკიდებული, ხოლო თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში დასტაბილურდა და 3-იან ნიშნულს დაუბრუნდა დოლარის ღირებულება, რა თქმა უნდა, გადაიხედება. პირდაპირ ვიტყვი, არავის ინტერესში არ შედის ფასების ზრდა, უბრალოდ კომპანიებისთვის არის წამგებიანი ამ კურსით მუშაობა, თორემ თუ კურსი შეიცვალა და ნორმალურ ნიშნულზე, 3.0-ზე ჩამოვიდა, ამ შემთხვევაში აღარ აიწევს, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ, რომ ზოგადად კრიზისია. 3.3 იმის წინაპირობას ნამდვილად არ გვაძლევს, რომ პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს, ვინაიდან მაქსიმალური ზღვარი, რაც კომპნიებს ჰქონდათ აღებული, ეს იყო - 3.0 დოლართან მიმართებაში, ევროსთან მიმართებაში კი -3.3“, - განუცხადა ივა ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს“.

ამავე თემაზე