2020-03-25 18:32:08
ანტიკრიზისული გეგმის რამდენიმე სცენარი უნდა გვქონდეს, როგორც ოპტიმისტური, ასევე ყველაზე პესიმისტური - კეპულაძე

ანტიკრიზისული გეგმის რამდენიმე სცენარი უნდა გვქონდეს, როგორც ოპტიმისტური, ასევე ყველაზე პესიმისტური - არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ანტიკრიზისული გეგმის რამდენიმე სცენარი.

„ერთადერთი გეგმა რაც მე ვნახე, ეს არის ნიკა გილაურის ორგანიზაციის Reformatics-ის გეგმა, რომელიც 12-18 თვეზე იყო გათვლილი. სხვა გეგმა ჯერ არ მინახავს. გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მას დიდი გამოცდილება აქვს კრიზისების მართვაში, კრიზისული ეკონომიკის მიმართულებით. ის რამდენიმე ქვეყანას ეხმარება ანტიკრიზისული გეგმის დაწერაში. ახლა არ დავიწყებ იმის განხილვას ეს გეგმა კარგია თუ ცუდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გეგმა არსებობდეს, უკეთესია გეგმა იყოს მოკლევადიან პერსპექტივაზეც გათვლილი და გრძელვადიანზეც.

ჩვენ უნდა გვქონდეს რამდენიმე სცენარი. ჩემი ინფორმაციით მთავრობის შიგნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე სცენარზე. ჩართულები არიან კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ამ გეგმაზე. რაც მალე გვექნება ეს გეგმა, მით უკეთესი. დაგვიანება არ არგებს პროცესს. მესმის, რომ არის გაურკვევლობა. მაგრამ უნდა გქონდეს რამდენიმე სცენარი – როგორც ოპტიმისტური, ასევე ყველაზე პესიმისტური და როგორ ვიქცევით ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში და როგორ ვიქცევით პესიმისტური სცენარის შემთხვევაში. ამ ვითარებაში რისი იმედიც უნდა გვქონდეს, ეს არის საერთაშორისო დახმარება, საგარეო ვალისა თუ საგრანტო დახმარების თვალსაზრისით. მინიმუმ ლარის გამყარებაში დაგვეხმარება თუ საგარეო ვალი მიმართული იქნება სწორი მიმართულებით”, – გვითხრა გიორგი კეპულაძემ.

 

 

წყარო:"აიპრესი"

ამავე თემაზე