2020-03-23 22:13:31
ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას პოლიციასთან ერთად, აკონტროლებს ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც-შენგელია(ვიდეო)

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან. მათ შორის, სარიტუალო ღონისძიებებისგან.

„ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, ერთბაშად შევიზღუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ქელეხებს და მაქსიმალურად ვუწევთ ორგანიზებას მოქალაქეებს, რომ საგანგებო პირობებში შეზღუდვები იყოს დაცული და მოქალაქეები არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მიცვალებულის პატივისცემა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქელეხები.

„ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს ამ სიტუაციის შესაბამისად. ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ასეთი შეკრებებისგან. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დღეს გვაქვს მაგალითი, რაც მოხდა მარნეულში, მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ,  რამოდენიმე საათია, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქელეხებისა და ქორწილების გადახდა აიკრძალა.

ამავე თემაზე