2020-03-23 13:55:37
დავით ზალკალიანმა ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ იმ რეისებზე ისაუბრა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება. 

„კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.

რაც შეეხება შემდეგ კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბლისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს - თბილისი- ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს, რომ ეტაპობრივად გამოიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.   

ამავე თემაზე