2020-03-20 16:12:00
გათავისუფლებული აფგან მუხთარლის საჯარო განცხადებები პროკურატურის და პარლამენტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროკურატურას და პარლამენტს მოუწოდებს მიიღონ ზომები აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებისთვის.

(EMC) ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ, 19 მარტს ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში საქართველოდან მისი გატაცების საქმეში ქართველის სამართალდამცავების მონაწილეობისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას და პარლამენტს მოუწოდებს მათი მანდატის ფარგლებში მიიღონ დაუყოვნებელი ზომები საქმის ჯეროვანი გამოძიებისა და რეაგირებისთვის.

"აფგან მუხთარლის ზემოთ წარმოდგენილი განმარტებები გამოძიების მხრიდან ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უზრუნველყოს აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გამოკითხვა, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.  ამასთან ერთად, რამდენადაც იკვეთება, რომ აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევა სახელმწიფო უსაფთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფასა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან  სავარაუდო კორუფციული გარიგებებს უკავშირდება,  მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და საკითხის შესწავლა.[3] მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილორობრივი აქტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ." - აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქმის ობიექტურად გამოძიების, აფგან მუხთარლის გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების გარდა, EMC პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტი და მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა დაზარალებულად ცნონ.

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრებსაც, მათ შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია და დაიწყოს საკითხის შესწავლა.

ამავე თემაზე