2020-03-18 16:46:59
კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი ჯერჯერობით არ დგას - თურნავა

კომუნალური გადასახადების გადავადების ან არგადახდის საკითხი ჯერჯერობით არ დგას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეღავათებზე კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი  თვით ხდება რესტრუქტურირება სესხების. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს, გვაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები დასაქმებული იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ თანამშრომლები და გადაიხადონ ხელფასი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, იქნება ეს „თელასი“,„ენერგოპრო“, თუ „თბილისი ენერჯი“, კერძო კომპანიები არიან, მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე