2020-03-17 16:38:55
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ EMC-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. ორგანიზაცია მამალაძის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია ი-ემ-სი გაასაჩივრებს.

"სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა ექსპერტიზის დასკვნებით მითითებული იყო, რომ დეკანოზს აქვს კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზი და ამ დიაგნოზში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მიუთითა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შეუსაბამო სასჯელის მოხდის პირობებთან. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ შეფასებას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი. 

EMC-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზით დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა, ხოლო საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, დაინვალიდების სერიოზული რისკი არსებობს.

EMC საჭიროდ მიიჩნევდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

 

ამავე თემაზე