2020-03-17 12:10:08
ნამდვილად ვერავისგან მივიღებ შენიშვნას, რომ ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი - ქადაგიძე

ნამდვილად ვერავისგან მივიღებ შენიშვნას, რომ ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი, თუმცა, აქვე გიდასტურებთ, მე არასდროს, არც ეტაპზე არ ვიტყვი, რომ მე ვიცი სისხლის სამართალი, ან ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. 

"გეთანხმებით, რომ "მირანდას წესები" (დამკავებლის ვალდებულება, დაკავებულს გააცნოს მისი უფლებები), თქვენთან გასაუბრების დროს არ გამახსენდა, მაგრამ დღეს მე თქვენ ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით კითხვა დაგისვათ, შეიძლება თქვენც ბევრ რამეზე ვერ მიპასუხოთ. ამას რატომ ვამბობ - მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული მოსამართლე შეძლებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განვითარებას. შესაძლებელია, რომ თეორეტიკოსმა იცოდეს ზოგადად ყველაფერი და არ ვთვლი, რომ ზოგადი განათლება საჭირო არაა. მე 25 წელია, სისხლის სამართალს არ შევხებივარ, ამიტომ შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს. მე ყოველთვის ვკვალიფიცირდებოდი და მსურდა, ვყოფილიყავი სპეციალისტი, ოღონდ ძლიერი სპეციალისტი ჩემს დარგში, ნამდვილად ვერავისგან მივიღებ შენიშვნას, რომ ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი, თუმცა, აქვე გიდასტურებთ, მე არასდროს, არც ეტაპზე არ ვიტყვი, რომ მე ვიცი სისხლის სამართალი, ან ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტი",- განაცხადა ქადაგიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქადაგიძე სასამართლოს ე.წ კლანის წევრი, ამასთან არაკომპეტენტური მოსამართლეა. შესაბამისად, მათი თქმით, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ეს კი, კომპეტენციის ნაკლებობასთან ერთად, კიდე უფრო გააღრმავებს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.

ამავე თემაზე