2020-03-17 11:59:58
პირს, რომელმაც ხულოში ერთი ადამიანი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა, 22 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელმაც 2019 წლის 25 ივნისს ხულოში, სოფელ ხიხაძირში, ერთი ადამიანი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული რ.ბ დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა რ.ბ-მ, 2019 წლის 25 ივნისს,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.გ.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. 

იმავე დღეს რ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა შ.ს.ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი ფ.ა და ბ.მ. ფეხის არეში დაიჭრა. 

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ბ. 2019 წლის 26 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 3531 მუხლის მეორე ნაწილით და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის პოლიციელზე თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.     

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ.ბ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე