2020-03-16 18:59:14
მიდის მუშაობა და შესაძლოა, პირბადეები საქართველოში დამზადდეს - თურნავა

მიდის მუშაობა და შესაძლოა, პირბადეები საქართველოში დამზადდეს - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და 20-მდე სამკერვალო კომპანიის წარმომადგენელი.

„გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამკერვალო კომპანიები, მათი მენეჯმენტი, თანამშრომლები დიდი გულისხმიერებით მოეკიდნენ ამ მოწოდებას.

„ზოგიერთმა მათგანმა იმის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, რომ უსასყიდლოდაც დაამზადებენ პირბადეებს. ეს არის თანადგომის კარგი მაგალითი, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და მინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე