2020-03-13 23:05:46
მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, უგულავას საქმესთან დაკავშირებით - 11 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს

11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება. ევროპარლამენტარები პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმესთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერ ევროპარლამენტარებს გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური ახალი ამბავი წაახალისებს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს პროგრესი თავისი ხალხის ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე. საქართველოს ბევრმა მეგობარმა და თავგამოდებულმა მხარდამჭერმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმ მოვლენებზე, რომლებმაც გამოიწვია გაზრდილი პოლარიზაცია და ანტაგონიზმი ბოლო თვეების განმავლობაში. ერთერთი მთავარი გამომწვევი ამ სამწუხარო პროცესისა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრება იყო. 

შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც სიტყვა-სიტყვით, ასევე სულისკვეთების მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის. მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ამა თუ იმ საკითხზე კამათს, თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები, მათ შორის ჩვენ, მოველით,"- წერია წერილში. 

წერილს, რომელიც "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" წარმომადგენელი ანა ფოტიგა ავრცელებს, ხელს 11 ევროპარლამენტარი აწერს, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის, მწვანეების, ევროპის განახლების პარტიისა და სოციალისტების მხრიდან.  


 

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე